მენიუ

ქართველოლოგიის ცენტრი

2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა ქართველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი; (კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის წერილი # 903; 08.09.2010) ცენტრი წარმოადგენს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალ ჰუმანიტარული პროფილის სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებას, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტრუქტურული ერთეული. ქართველოლოგიის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და ბოდბელი ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე იაკობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით.

საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიის ცენტრის მიზანია ქართველთა დედაენის (სტანდარტული ენისა და მისი სახესხვაობების), ისტორიისა და ტრადიციული კულტურის (წერილობითი თუ ზეპირი) საფუძვლიანი შესწავლა, ქართველთა ერთ ისტორიულ დედაენაზე ორიენტირებული ქართველოლოგიის განვითარება, მეცნიერული ქართველოლოგიის ძირითადი დებულებების ჩამოყალიბება თანამედროვე (საერთაშორისო) დეფინიციებისა და ტერმინოლოგიის გათვალისწინებით; ამ დებულებების გავრცელება საერთაშორისო ქსელში.

ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების (როგორც ავტოქთონი, ისე მუჰაჯირებისა თუ სხვა მიგრანტების) დიალექტების, ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და ზეპირსიტყვიერების შესწავლას: ბოლო მონაცემებით, საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა, სულ მცირე, 5 მილიონი ავტოქთონი ქართველი ცხოვრობს; თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე აქტიური ასიმილაციური პროცესების გამო, დაკარგვის დიდი საფრთხის ქვეშაა მათი ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობა. ტაოში, შავშეთში, ლაზეთში, საინგილოში, ასევე, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა შორის ქართველოლოგიის ცენტრის მიერ მოძიებულ მასალათა კორპუსი კარგი ბაზაა უნივერსიტეტის სტუდენტების საკურსო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომებისათვის.

ქართველოლოგიის ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს სპეციალისტთა მიერ განმაზოგადებელი ხასიათის ქართველოლოგიური სამეცნიერო ნაშრომების შექმნას, გამოცემასა და პრეზენტაციას; უმაღლესი სასწავლებლებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით მეთოდური სახელმძღვანელოების მომზადებას; ლინგვისტური რუკების დამზადებას და სხვ.

ქართველოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც უცხოელ ქართველოლოგებთან, ისე, ზოგადად, ეთნოლოგებთან, ლინგვისტებთან, კულტუროლოგებთან, ისტორიკოსებთან, თანამედროვე ენციკლოპედიების სარედაქციო კოლეგიებთან.

ქართველოლოგიის ცენტრი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს თემატურ საერთაშორისო ქართველოლოგიურ სემინარებსა და კოლოკვიუმებს, სადაც ხდება თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევების აპრობირება და უცხოელი ქართველოლოგების ინფორმირება; ასევე, უცხოელ და ქართველ სპეციალისტთა შორის კვლევის შედეგებისა და ინფორმაციების გაცვლა. ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია ახალი თაობის ქართველი და უცხოელი მკვლევრების შეხვედრებისა და ერთობლივი კვლევების ორგანიზება.

ქართველოლოგიის ცენტრი ქართველური ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მონაცემების, (როგორც ქართული სამწიგნობრო ენის, ისე ქართული ენის ადგილობრივი სახესხვაობების: მეგრულ-ლაზურის, სვანურის, ფერეიდნულის, ტაოურის, კლარჯულის, ხევსურულის და სხვ.), შესწავლის პროცესში ხელს უწყობს

ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტებს.

ქართველოლოგიის ცენტრის ერთ-ერთი მიზანია დისტანციური (საინტერნეტო) სწავლებით, ასევე, ორკვირიანი საზაფხულო სკოლების ორგანიზებით, ქართველ და უცხოელ დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს (ან გააცნოს): ქართული სამწიგნობრო ენისა და, ზოგადად, ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორია, ქართველური სამეტყველო ერთეულები (მეგრული, ლაზური, სვანური, იმერხეული, ტაოური და სხვა); მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ცენტრის საველე ბაზებით, დაათვალიერონ საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობები.

2010 წლიდან ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი აწყობს სამეცნიერო ექსპედიციებს.

ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით პერიოდულად ტარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“.

ქართველოლოგიის ცენტრი 2011 წლიდან გამოსცემდა ქართველოლოგიის ცენტრის ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს: „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“ (2019 წლის ჩათვლით გამოცემულია 7 ტომი). ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გამოიცა ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჟურნალის, „სამეცნიერო აზრის“ ორი ტომი.

ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებითა და თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით, საველე დიალექტოლოგიურ პრაქტიკას გადიან ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის VII-VIII სემესტრის სტუდენტები. ექსპედიციაში ჩართული არიან, აგრეთვე, ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრანტები.

სხვადასხვა დროს ქართველოლოგიის ცენტრში მუშაობდნენ: პროფ. ტარიელ ფუტკარაძე (ცენტრის ხელმძღვანელი 2010 წლიდან 2021 წლამდე), პროფ. რევაზ შეროზია ( 2011-2012 წლებში), დოქტ. მიხეილ ლაბაძე (2010 წლიდან დღემდე), დოქტ. იაშა თანდილავა (2011-2016 წწ.), დოქტ. სვეტლანა ადამია (2011-2018 წწ.), დოქტ. ხატია ჯანგავაძე (2011-2012 წწ.), დოქტ. თამარ ლომაძე (2013-2015 წწ.), პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე (2015-2018 წწ.); დოქტ. სოფიო კეკუა (2013 წლიდან დღემდე), დოქტ. კესო გეჯუა (2018 წლიდან დღემდე).

ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ცენტრის თანამშრომლებისა და ქართული უნივერსიტეტის სხვა სპეციალისტების მონაწილეობით, საერთაშორისო და საუნივერსიტეტო პროექტების სახით მუშავდება რამდენიმე სამეცნიერო თემა:

  1. საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველების მეტყველება (დიალექტოლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები) (პროფ. ტ. ფუტკარაძე, პროფ. მ. ტაბიძე, ფილ. დოქტ. მ. ლაბაძე);
  2. ენობრივი სიტუაცია კავკასიაში (პროფ. ტ. ფუტკარაძე, პროფ. მ. ტაბიძე);
  3. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები (ქართველური დიალექტოლოგია და ენობრივი სიტუაცია საქართველოში (პროფ. ტ. ფუტკარაძე, პროფ. მ. ტაბიძე));
  4. ქართული სამწიგნობრო ენის ტექნოლოგიზება და ნორმები (პროფ. ტ. ფუტკარაძე);
  5. ქართული სამწიგნობრო ენისა და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ტენდენციები (პროფ. ტ. ფუტკარაძე, ფილ. დოქტ. ლ. ბებურიშვილი).

2019 წლის თებერვლიდან, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, დაიწყო ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის, „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ განხორციელება.

გამოცემები:

 

პერსონალი

დაგვიკავშირდით

info@sangu.edu.ge; iro@sangu.edu.ge 225 00 77;551 48 00 05

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა